Archive | November, 2012

ძალადობა ოჯახში და მისი გადაჭრის გზები

30 Nov

შესავალი

ოჯახში ძალადობის თემა განსაკუთრებით მტკივნეულია და რთული. მის მიღმა ხომ იმალება ვიღაცის წყენა, გაღიზიანება, უბედურება.

დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში ძალადობა აღიქმებოდა როგორც “კერძო”, “შინაური” საქმე და სახელმწიფო არ იღებდა ვალდებულებას, ამგვარი ძალადობა სოციალურ პრობლემად ეღიარებინა. სიმწვავის მიუხედავად, პრობლემა დღემდე ჩრდილშია მოქცეული. ძალადობის მსხვერპლთ არ უნდათ განცდილის შესახებ განაცხადონ, რცხვენიათ საკუთარი თავის, არ სურთ ოჯახის “ღალატი”, ეშინიათ მოძალადის მხრიდან შურისძიებისა და აგრესიის, არ სჯერათ სამართალდამცავი ორგანოების. ხშირად ნათესავები და სამართალდამცველებიც კი მომხდარში მსხვერპლს ადანაშაულებენ. საზოგადოება თვლიდა და ხშირ შემთხვევაში დღესაც მიიჩნევს, რომ ოჯახური პრობლემები ოჯახში უნდა გაირჩეს, რომ ეს “ოჯახის საქმეა” და სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს, რაც განაპირობებს იმას, რომ მსხვერპლი ძალადობის პირისპირ მარტო რჩება და ისღა დარჩენია, უსასრულოდ ითმინოს.

მოვიყვანთ ერთ ტიპიურ და ნათელ მაგალითს: 10 წლის განმავლობაში ქალბატონი ითმენდა ქმრისგან წყენას, დამცირებას. არასოდეს არ ითხოვდა შველას. ყყველაფერი ეჩვენებოდა უწყინარ ხუმრობად. ცდილობდა საკუთარ თავში ეპოვა მიზეზი და შეცვლილიყო. ამართლებდა ქმრის ეგოისტურ დამოკიდებულებას მისდამი. გადიოდა დრო და ხდებოდა უარესი. ქალბატონის ცხოვრებაზე სრული კონტროლი ქმარმა აიღო. ქალმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა პოლიციას, რაც ქმარმა სასტიკად სცემა. მიუხედავად ამისა, ქალი მომხდარის შემდეგაც მზად იყო ეპატიებინა ქმრისთვის. ადანაშაულებდა საკუთარ თავს და ცდილობდა მიმხვდარიყო რას ვერ აკეთებდა სწორად.

ზემოხსენებული ქალბატონი ყოველივე ამას ითმენდა არა იმიტომ, რომ ის არასაკმარისად ჭკვიანი ან ადეკვატური იყო. არამც და არამც. როცა ადამიანი ცხოვრობს მუდმივ სტრესში, მატრავმირებელ პირობებში, მას უხდება შეჩვევა.

ამა თუ იმ ფორმით ოჯახში ძალადობის გავლენის ქვეშ ყველა ბავშვი ექცევა. ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობას მიაკუთვნებენ, მაგალითად, ოჯახში ხშირ კონფლიქტებს. ფსიქოლოგიური ძალადობა აფერხებს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. ბავშვი ხდება გულჩვილი, სოციალურად დაუცველი, იოლად ვარდება კონფლიქტურ სიტუაციაში, ვერ პოულობს საერთო ენას თანატოლებთან, პასუხისმგებლობას იღებს ოჯახში მომხდარ ძალადობაზე, ხასიათდება დაბალი თვითშეფასებით.

ბავშვზე მავნე გავლენას ახდენს მშობლების არასწორი მიდგომა. მშობლები ისე არ უნდა მიუდგნენ შვილის, რომ მოკლან მისი სული. “მომწამვლელი პედაგოგიკის” შედეგია, როცა ბავშვს უყალიბდება წარმოდგენები, რომ მშობელი ყოველთვის მართალია. ის არ შეიძლება ცდებოდეს ან იყოს დამნაშავე.

დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, რომ ოჯახური პრობლემები მხოლოდ ოჯახის წევრებს არ ეხებათ და ძალადობა აუცილებლად უნდა აღიკვეთოს. შესაბამისად, ბევრმა სახელმწიფომ ამ პრობლემის სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად სპეციალური კანონმდებლობა შექმნა ან უკვე არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები: 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1979 წელს მიღებული ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, 1989 წელს მიღებული ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია განამტკიცებენ თითოეული ადამიანის საყოველთაო უფლებათა და თავისუფლებათა პრინციპებს, რომელიც მოიცავს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ისე ეკონომიკურ უზრუნველყოფასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, რაც ქალებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას (ოჯახური ძალადობა ქალებისა და გოგონებ ის წენააღმდეგ, ინოსენტი დაიჯესტი #6, 2000 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა (თარგმანი), თბილისი, 2006).

წინამდებარე სტატიის მიზანია მკითხველისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით. განხილულია ოჯახში ძალადობის ფორმები, თუ რა ითვლება ოჯახში ძალადობად, რა იწვევს მას და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ამ პრობლემის დასაძლევად.

ძალადობის ფორმები

მეცნიერული კვლევების მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება. თუმცა საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად, უმრავლესობა ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზად უმუშევრობას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიასა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს. სინამდვილეში კი ოჯახში ძალადობა ერთნაირად არსებობს როგორც ჩამორჩენილ, ასევე ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში. ჩამოთვლილი ფაქტორები მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის ხარისხზე მოქმედებენ და, გარკვეულწილად, პროვოცირების ელემენტებად შეიძლება განიხილებოდეს (პოლიცია და ძალადობა ოჯახში, ირმა ალადაშვილი, კობა ნოჭორიშვილი, მარინე მესხი. თბილისი, 2008წ.).

ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი კომპონენტი: 1.მსხვერპლი; 2. მოძალადე; 3. ქმედება (ძალადობა).

საქართველოს კანონმდებლობით მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს. რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე.

ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები – ანუ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება (ოჯახში ძალადობა, კავშირი “საფარი”, 2007წ).

ოჯახში ძალადობა არ არის ერთჯერადი ქმედება – ეს არის პროცესი, რომელიც შედგება ძალადობის განმეორებადი ციკლებისაგან და დამყარებულია მოძალადის და მსხვერპლის ურთიერთობაზე; ოჯახში ძალადობა დროში გახანგრძლივებულია და აქვს ზრდის ტენდენცია; ძალადობის სუბიექტები, როგორც წესი, ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ოჯახი მალავს ამ ფაქტს; მოძალადის პოზიციიდან მისი ქმედება ეფექტურია მსხვერპლთან ურთიერთობის “გასარკვევად”, მისი აზრით სხვა არაძალადობრივი ქმედებები მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

გამოყოფენ ძალადობის შემდეგ ძირითად ფორმებს:

ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატოს შემდეგში: ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება; ოთახის დატოვების აკრძალვა; ნივთების სროლა; სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა; სახიფათო ადგილებში მიტოვება; უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულადაა; მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით; ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება;

ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა: ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება; მისი რწმენების საცინად აგდება; მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს; ტყუილებით მანიპულირება; ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება; ისეთი სახელების დაძახება, როგორიცაა ძუკნა, ფეთხუმი, წაკლა, მეძავი; მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი; იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან; განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს; ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება; მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი; მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით; ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული; ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე;

ეკონომიკური ძალადობა: უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის; როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში;

სექსუალური ძალადობა: როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს; აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას; ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან; თავს იკავებს და უარს ეუბნება სექსზე; აძალებს სექსს სხვებთან; აძალებს სექსს ჩხუბის ან ცემის შემდეგ; ეძახის ძუკნას სექსის შემდეგ; უარს ამბობს გადასახადების გადახდაზე სანამ სექსი არ ექნება მეუღლესთან; აძალებს სექსს და მერე ამბობს, რომ ეს ქალსაც უნდოდა; ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან; ექცევა როგორც საკუთრებას და აიძულებს სექსს იმიტომ, რომ არის ქმრის კუთვნილება; უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები (https://www.gadfcs.org/familyviolence/formsoffv.php);

ძალადობის გამომწვევი ფაქტორები

განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების კულტურული იდეოლოგია ქალების წინააღმდეგ ძალადობას ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს. წარსულში რელიგიური და ისტორიული ტრადიციები არ კრძალავდნენ ცოლების დასჯასა და ცემას. განსაკუთრებით, ნებადართული იყო ქალების ფიზიკური დასჯა, რაც მათზე საკუთრების შეგრძნების გამოხატულებად ითვლებოდა. ზოგიერთ საზოგადოებაში, ტრადიციულად, დასაშვებია “გზას აცდენილი” გოგონების, დების, ცოლების მოკვლა, თუკი ისინი ოჯახის თანხმობის გარეშე დაქორწინდებიან ან გაშორდებიან.

საზოგადოებისაგან ქალების იზოლაცია წარმოშობს მათ წინააღმდეგ ძალადობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ქალებს ნაკლები კონტაქტი აქვთ საკუთარ ოჯახებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ქალების სოციალურ კავშირებში ჩართვა მნიშვნელოვნად ამცირებს მათ პოტენციურ მსხვერპლად ქცევის რისკს და მეტ საშუალებას აძლევს, თვითონვე დაძლიონ ოჯახური ძალადობის პრობლემა. ეს კავშირები შეიძლება იყოს არაფორმალურიც (ოჯახი და მეზობლები) ან ფორმალური (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ქალთა თვითდახმარების ჯგუფები ან პოლიტიკურ პარტიებთან არსებული ჯგუფები).

გამოყოფენ შემდეგ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც წარმოშობს ოჯახში ძალადობას:

კულტურული: მოსაზრება, რომ მამაკაცი ყოველთვის უნდა ბატონობდეს ქალზე; ღირებულებები, რომლებიც მამაკაცს ქალსა და გოგონაზე მესაკუთრის უფლებებს სძენს; მოსაზრება, რომ ოჯახი არის მამაკაცის დაქვემდებარების ქვეშ არსებული კერძო სფერო; ქორწინების ჩვეულებები (პატარძალზე დაწესებული ფასი/მზითვი);

ეკონომიკური: ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე; ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; დისკრიმინაციული ხასიათის კანონები, რომლებიც არეგულირებს მემკვიდრეობის, საკუთრების უფლების, განქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქონების მიღების საკითხებს; სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში დასაქმების ნაკლები პერსპექტივა; განათლების მიღების ნაკლები პერსპექტივები.

ზოგ ქვეყანაში ქალების მზარდი ეკონომიკური აქტივობაც კი ოჯახური ძალადობის მიზეზი ხდება. მეუღლეთა დამოუკიდებლობას მამაკაცები საფრთხედ აღიქვამენ, განსაკუთრებით, თუკი მამაკაცი პარტნიორი უმუშევარია და მას ოჯახში საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

სამართლებრივი: დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით აღიარებული ქალთა ნაკლები სამართლებრივი სტატუსი; განქორწინების, ბავშვებზე მეურვეობის, მათზე მზრუნველობისა და მემკვიდრეობის საკითხების მარეგულირებელი დისკრიმინაციული კანონმდებლობა; ქალებში სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე; პოლიციისა და სასამართლოს მხრიდან ქალებისა და გოგონების მისამართით განხორციელებული უტაქტო მოპყრობა.

პოლიტიკური: ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, მედიაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამედიცინო სფეროში (ოჯახური ძალადობა ქალებისა და გოგონების წენააღმდეგ, ინოსენტი დაიჯესტი #6, 2000 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა (თარგმანი),  თბილისი, 2006);

ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები

საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მხოლოდ სპეციალური კანონით (“ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”) არ რეგულირდება; ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმებიც, კერძოდ:

სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება; გაუპატიურება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დაკარგვა და სხვა ამგვარი;

სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ზიანი. ასევე, არამატერიალური ზიანის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად:

  1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
  2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად.

სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონიც, ოჯახური ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, დამცავ და შემაკავებელ ორდერებს იყენებს.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც, ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც ასევე განისაზღვრება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები.

მსხვერპლთა დაცვის დროებით ღონისძიებებში იგულისხმება: მოძალადისაგან მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის დაცვის ზომები; მოძალადისაგან მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხები; მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა; მოძალადისთვის ბავშვისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხები; მოძალადის მიახლოება მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება; სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

თავშესაფარი გულისხმობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელს ან დროებითი განთავსების ადგილს, რომელიც მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებასა და დაცვის ღონისძიებებს ემსახურება. დღეს საქართველოში სახელმწიფო თავშესაფარი არ გვაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებული თავშესაფრები მსხვერპლთა დახმარებასა და რეაბილიტაციას დონორი/საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უზრუნველყოფენ.

დასკვნა

მაინც რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღიკვეთოს ოჯახში ძალადობა? უპირველესყოვლისა, უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას სხვა კუთხით შეხედონ ამ პრობლემას – არა ზიზღით, დაცინვით, არამედ პრობლემის გადაჭრის, კეთილგონიერი თვალით.

ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. აღნიშნული სოციალური პრობლემა აღწევს საამუშაო ადგილასაც და ნეგატიურად მოქმედებს მსხვერპლსა და თანამშრომლებზე, რასაც თან სდევს პროდუქტიულობის დაცემა, გაცდენების ზრდა.

ყველას აქვს უფლება იმუშაოს ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. სამსახურში ნებისმიერი ხელმძღვანელობის უშუალო ინტერესში შედის ძალადობის პოტენციის გამორიცხვა სამუშაო ადგილას. ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს მსხვერპლადქცეული მომსახურე პერსონალის დახმარების მიზნით ინდივიდუალური უსაფრთხოების გეგმის იმპლემენტაციას სამსახურში.

საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედებს არადისკრიმინაციული პოლიტიკა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით. დადგენილი წესების თანახმად, საკადრო პოლიტიკა არ უნდა დაეფუძნოს ვარაუდს ან ინფორმაციას, რომ პირმა განიცადა ან მოექცა ოჯახში ძალადობის ზეგავლენის ქვეშ.

ასევე გათვალისწინებულია ტრეინინგების ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მიზნად ისახავს მოსამსახურეთათვის სწორი მიმართულების მიცემას და უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფას. ფსიქოლოგიური თვითდაცვის მექანიზმი ერთ-ერთია სხვათა შორის, რომელიც ეხმარება პიროვნებას შეიქმნას ემოციურად ნეიტრალური მდგომარეობა. ფსიქოლოგიური თვითდაცვა არის ადამიანის ფსიქიკის რეგულაციის სისტემა, რომელიც მიმართულია კონფლიქტური სიტუაციების მოხსნაზე ან შემცირებაზე. იგი იცავს პიროვნებას ნეგატიური ემოციებისაგან (http://toolkitnb.ca/emain.asp?459).

ოჯახში ძალადობა კომპლექსური პრობლემაა და არ არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება. თუმცა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დახმარების დროული და ეფექტური აღმოჩენის სისტემის შექმნა ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები შემდეგ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს:

  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით;
  • ოჯახში ძალადობის პრევენცია;
  • იმ ოჯახების იდენტიფიცირება, სადაც ეს პრობლემა არსებობს;
  • ადრეული ინტერვენცია;
  • მსხვერპლთა დაცვა;
  • მსხვერპლთა ხელშეწყობა, ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ოჯახური ძალადობა ქალებისა და გოგონების წენააღმდეგ, ინოსენტი დაიჯესტი #6, 2000 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა (თარგმანი), თბილისი, 2006წ.
  2. პოლიცია და ძალადობა ოჯახში, ირმა ალადაშვილი, კობა ნოჭორიშვილი, მარინე მესხი, თბილისი, 2008წ.
  3. ოჯახში ძალადობა, კავშირი “საფარი”, 2007წ.
  4. https://www.gadfcs.org/familyviolence/formsoffv.php
  5. http://toolkitnb.ca/emain.asp?459
  6. http://dalada.wordpress.com/ძალადობა-ოჯახში-და-მისი-გ/

პლურალიზმი

22 Nov

iillu.wordpress.com

  • ტერმინი პლურალიზმი

  ტერმინი პლურალიზმი ნიშნავს გნსხვავებული აზრების, მსოფმხედველბების, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას.
პოლიტიკური პლურალიზმი მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას ნიშნავს. მოსაზრებათა ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები და პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
პლურალიზმ-ის ცნება პოლიტიკური ხელისუფლების დაყოფასაც გულისხმობს, რაც ზღუდავს ხელისუფლების თითოეული შტოს მოქმედებას. ვინაიდან პოლიტიკური პლურალიზმ-ის წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ორგანოების მიერ და სხვადასხვა მეთოდით, ის პოლიტიკურ სტაბილურობასთან ასოცირდება, რადგან საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებმა საშუამავლო როლი შეასრულონ. პლურალიზმ-ის პოლიტიკის შემადგენელი ელემენტებია: მრავალფეროვნების მოწონება და პატივისცემა (სოციალური ტრადიციების, რელიგიური და მორალური რწმენის და ა.შ.), ინდივიდუალური უფლებების დაცვა, პოლიტიკური გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, თანხმობის გზების ძიება ერთიანი მიზნის მისაღწევად.

iillu.wordpress.com

  ტერმინი პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების, მსოფმხედველბების, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას.

  •   პოლიტიკური პლურალიზმი ნიშნავს მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას. მოსაზრებათა ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები და პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
  •   საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ჯგუფებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებასა და არსთან.
  •   ცხოვრების იდეური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის ძირითადი პრინციპი, რომლის ფარგლებშიც დაშვებული, უზრუნველყოფილი და აღიარებულია სხვადასხვა იდეური, სოციალური და პოლიტიკური მიმდინარეობების მრავლობითობა.

 

  • დავალება: http://www.facebook.com/groups/392074280873013/
Image 13 Nov

უმუშევრობის დაძლევა > “პუნქტები”

13 Nov

https://iillu.wordpress.com/

ექვთიმე თაყაიშვილი 1863-1953

13 Nov

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი – ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე, ბევრმა არ იცის, რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, აზნაურის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები, თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ 1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.
მე-19 საუკუნის 90-იან წლებში შეაგროვა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოს სიძველეები. რადგან ამგვარი საქმიანობა ბევრ დროს მოითხოვდა, 1904 წელს თავი დაანება ოფიციალურ სამსახურს და საარსებო წყარო რომ ჰქონოდა, გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა. 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თავად იყო. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის მიზნით თურქეთში სამი ექსპედიცია მოაწყო, რომლის მიზანი ქართული მონასტრების შესწავლა და აღწერა იყო. ივანე ჯავახიშვილთან ერთად 1918 წლის 26 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი და არქეოლოგიური კათედრის გამგე. მაგრამ 1921 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა კომუნისტური ხელისუფლების მიერ ანექსირებული საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს საქართველოს მუზეუმების ზედამხედველი, ექვთიმე ხაზინის ქონებასთან ერთად საფრანგეთში მეთვალყურეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულს. განძეულის დაცვა მეტად რთული საქმე აღმოჩნდა. ჯერ იყო და საფრანგეთის მთავრობამ გააუქმა საქართველოს მენშევიკური მთავრობის ლეგიტიმურობა, შემდეგ სალომე დადიანმა (მენგრელსკაია-ობოლენსკაიამ), პარიზის სასამართლოში ორჯერ აღძრა საქმე ექვთიმე თაყაიშვილის წინააღმდეგ საგანძურის ვითომდა მისი კუთვნილი წილის ჩამორთმევის მიზნით. მეორე მსოფლიო ომის დროს კი, უკვე ნაცისტებმა მოინდომეს ვერსალის ბანკში დაცული საქართველოს განძის ხელში ჩაგდება. დრო არ ითმენდა, განძეულს ოკუპირებული პარიზიდან ვერ გაიტანდნენ, ამიტომ გადაწყდა, ძვირფასეულობა სარდაფში ჩაეტანათ და ყუთებისთვის ზემოდან სამშენებლო ნაგავი დაეყარათ. ომის პერიოდში მოხუცი პროფესორი არამარტო განძეულს მეთვალყურეობდა, არამედ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას.
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მეცნიერი გამუდმებით ცდილობდა განძეულის საქართველოში დაბრუნებას, წერდა წერილებს საბჭოთა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს, მაგრამ ამაოდ. ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერს: „გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ მუდმივ შიშსა და ტერორში ვიყავი. აღარც საარსებო საშუალება მქონდა. ასეთი გაჭირვების მიუხედავად არამც თუ სახელმწიფო ნივთი, არამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთებიც არ გამიყიდია…. თუმცა, მქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულები, რომ შემეძლო გავმდიდრებულიყავი… დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა, გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდი, მფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა.“ 1944 წლიდან საფრანგეთის დროებითი მთავრობის სათავეში დეგოლის მოსვლისთანავე აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობებს შორის. საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში, ა. ბოგომოლოვს დავალებული ჰქონდა მოეგვარებინა სამუზეუმო განძეულის საქართველოში დაბრუნების საკითხი. 1944 წელს მოსკოვში ვიზიტამდე დეგოლმა სხვადასხვა არხით გაარკვია თუ რა ჩაეთვლებოდა სტალინთან შეხვედრისას დადებითად და მოსკოვში გამგზავრებამდე გასცა ბრძანება მოეხსნათ ყადაღა ქართული განძისთვის და დაებრუნებინათ იგი საქართველოსთვის. ექვთიმე თაყაიშვილის ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო ცივ და ნესტიან საცავში, ზოგჯერ ლუკმა-პურის გარეშე ხანგრძლივ მუშაობას და სწორედ ამ დროს ფილტვების ანთებით დაავადდა. მის დასახმარებლად საქართველოდან შალვა ამირანაშვილი ჩავიდა და განძის გასამგზავრებლად ჩალაგებაში დაეხმარა. ექვთიმე თაყაიშვილს ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან: „შილიფად ვარ, და გთხოვთ სამოსი გამომიგზავნოთო“. ექვთიმემ თავის დროზე მოიგერია როგორც ამერიკის მუზეუმის, ისე ინგლისელთა შემოტევა განძის ნაწილის შეძენის შესახებ. გაუძლო ყოველგვარ და ყოველმხრივ ზეწოლას და ჯანმრთელობაშელახული, მხცოვანი მეცნიერი 1945 წლის 5 აპრილს თვითმფრინავით გამოემგზავრა საქართველოში უკლებლივ ყველა ექსპონატთან ერთად. თვითმფრინავი რომის, ბენ-ღაზის, კაიროს და თეირანის გავლით 11 აპრილს ჩამოფრინდა თბილისში. საზოგადოება დიდი პატივით, მოწიწებითა და მადლიერებით შეხვდა ეროვნული განძის მცველს. სამშობლოში დაბრუნებამ ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცა. საქართველოში გატარებული რვა წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრო, რომ ერთი სოლიდური მეცნიერის სიცოცხლეს ეყოფოდა. ვერცერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, რუსთველოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ლინგვისტიკის სფეროში. საბჭოთა ხელისუფლება შეაშფოთა ექვთიმეს ასეთმა პოპულარობამ. სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან შინაპატიმრობაში გაატარა. დააპატიმრეს მისი ერთადერთი ქალიშვილი. მასთან მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა მისვლას.
როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს პანაშვიდზე შესვლას უშლიდნენ. პროფესორის დაკრძალვას 1953 წლის მარტის ცივ და ქარიან დღეს, ვაკის სასაფლაოზე 50-მდე ადამიანი დაესწრო.
1963 წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი ვაკიდან დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს, იქვე გადმოასვენეს მისი საფრანგეთში გარდაცვლილი მეუღლის, ნინო პოლტორაცკაიას ნეშტიც. დღეს მისი სახელი ჰქვია ერთ–ერთ ქუჩას ვაკეში, ვერის ბაღში დგას მოქანდაკე ბ. ავალიშვილის მიერ შესრულებული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.

რა არის დემოკრატია ?

5 Nov

დემოკრატია

დემოკრატია (ბერძნ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.

სოციალ-დემოკრატია

სოციალ-დემოკრატია — წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრზე მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა მიისწრაფვის იმისაკენ, რომ მოახდინოს კაპიტალიზმის რეფორმირება და მისი სოციალური თანასწორობის ეთიკურ იდეალებთან თანხმობაში მოყვანა, კაპიტალისტური წარმოების მეთოდის შენარჩუნების პირობებში, რაც მას განასხვავებს სხვა, ალტერნატიული სოციალისტური ეკონომიკური სისტემებისგან. პრაქტიკაში თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული პოლისები საკუთარ თავში მოიცავენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს გავრცელებასა და ეკონომიკური დემოკრატიის შექმნას, რაც მშრომელთა უფლებების დაცვას გულისხმობს.

ისტორიულად, სოციალ დემოკრატია ევოლუციური რეფორმისტური სოციალიზმის ფორმას წარმოადგენს. XX საუკუნის დასაწყისში ძირითადმა ევროპულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქმა დაიწყეს მარქსიზმის ელემენტებზე, რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც გულისხმობდა იმის რწმენას რომ სოციალიზმის დამყარება პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამ დროისათვის განსხვავება სოციალ-დემოკრატიასა და დემოკრატიულ სოციალიზმს შორის ჯერ კიდევ არ იყო სრულად ჩამოყალიბებული. სოციალისტური ინტერნაციონალისფრანკფურტის დეკლარაცია 1951 წელს, რომლის შექმნაშიც მრავალმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უპირისპირდებოდა და უარყოფდა ბოლშევიკურ კომუნიზმსა და სტალინიზმს და მიზნად ისახავდა კაპიტალიზმის სოციალიზმში თანდათანობით ტრანსფორმაციას. ბევრი დემოკრატი სოციალისტი მხარს უჭერდა სოციალ-დემოკრატიას, როგორც გზას არსებული სისტემის რეფორმირებისათვის, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სოციალისტური მიზნების მიღწევისათვის, უფრო რადიკალური და რევოლუციური ტაქტიკის უპირატესობას აღიარებდნენ. მეორეს მხრივ თანამედროვე სოციალ-დემოკრატია აქცენტს აკეთებს კაპიტალიზმის თანდათანობით საკანონმდებლო გზით რეფორმირების პროგრამაზე, რათა მიღწეულ იქნას უფრო მეტი სამართლიანობა და ჰუმანურობა, თეორიულად კი საბოლოო მიზანი სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის შესახებ თითქმის მთლიანად იქნა დავიწყებული.

ახალი მემარჯვენეობისა და ნეოლიბერალიზმის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მთელმა რიგმა მნიშვნელოვანმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარი თქვეს კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე თანდათანობით ევოლუციური გზით გადასვლის მიზანზე და სანაცვლოდ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს კაპიტალიზმის მხარდაჭერა დაიწყეს. სოციალ-დემოკრატია წარმოიშვა როგორც დემოკრატიული სოციალიზმისგან განსხვავებული იდეოლოგია. ბევრ ქვეყნებში სოციალ-დემოკრატები არსებობენ დემოკრატიულ სოციალისტებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრზე, მათზე უფრო მარცხნივ არიან განლაგებულნი. ეს ორი მოძრაობა ზოგჯერ ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით მოქმედებს, როგორებიცაა ბრაზილიის მუშათა პარტია და საფრანგეთის სოციალისტური პარტია. უკანასკნელ წლებში ზოგიერთმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა(მაგალითად ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ) გაიზიარეს უფრო ცენტრისტული, მესამე გზის პოლიტიკური პოზიციები. ამგვარმა განვითარებამ მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტულ წრეებში მნიშვნელოვანი დისკუსიები გამოიწვია.

სოციალისტური ინტერნაციონალი სოციალ-დემოკრატიული და ზომიერი სოციალისტური პარტიების მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც შემდეგ პრინციპებს აღიარებს: პირველი, თავისუფლება – არა მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლებების, არამედ თავისუფლება დისკრიმინაციისგან, თავისუფლება რაიმე სახის დამოკიდებულებისგან წარმოების საშუალებების მფლობელებისგან ან პოლიტიკოსთა მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან; მეორე, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა – თანასწორობა არა მხოლოდ კანონის წინაშე, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული თანასწორობა; თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, მათ შორის ფიზიკურად, მენტალურად და სოციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვისაც; და მესამე, სოლიდარობა – ერთობა და თანაგრძნობის გრძნობა უსამართლობისა და უთანასწორობის მხვერპლთა მიმართ. სწორედ ეს იდეალებია(უფრო ვრცლად) ასახული სოციალისტური ინტერნაციონალის პრინციპების დეკლარაციაში.

ისტორია

თავდაპირველი სოციალ-დემოკრატია [რედაქტირება]

XIX საუკუნეში ტერმინი „სოციალ-დემოკრატი“ ფართო მნიშვნელობით გამოიყენებოდა, ყველა ინტერნაციონალისტ სოციალისტს მოიცავდა და გამოხატავდა მათ იდეოლოგიურ ერთგულებას კარლ მარქსისა და ფერდინანდ ლასალის იდეების მიმართ. განსხვავებით იმათგან ვინც მხარს უტოპიური სოციალიზმის განსხვავებულ ფორმებს უჭერდა. ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნებოდა ევროპულ სოციალიზმს დაწერილი იქნა ამერიკული აუდიტორიისათვის, რიჩარდ ელი თავის 1883 წელს დაწერილ წიგნში ფრანგული და გერმანული სოციალიზმი თანამედროვე ეპოქაში, სოციალ-დემოკრატებს ახასიათებს როგორც „სოციალისტების ექსტრემისტულ ფრთას“. უკვე მოგვიანებით მოხდა სოციალისტური მოძრაობის შიგნით განხეთქილება და მისი გაყოფა ორ ნაწილად რეფორმისტულად განწყობილ სოციალ-დემოკრატებად და რევოლუციურად განწყობილ კომუნისტებად.[1]

ამ ეპოქის ბევრი პარტია საკუთარ თავს „სოციალ-დემოკრატებს“ უწოდებდა, მათ შორის საერთოგერმანელ მუშათა ასოციაცია და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდნენ როგორ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია SPD), ბრიტანეთის სოციალ-დემოკრატების ფედერაცია და აგრეთვე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. ტერმინი „სოციალ-დემოკრატია“ ამ კონტექტსში არსებობას აგრძელებდა 1917 წლის ნოემბრისბოლშევიკურ რევოლუციამდე, მანამდე სანამ ტერმინი „კომუნისტი“ შემოვიდოდა მოდაში იმ ფიზიკური პირებისა თუ ორგანიზაციების აღსანიშნავად რომლებიც სოციალიზმისკენ მიმავალ რევოლუციურ გზას უჭერდნენ მხარს.

თანამედროვე სოციალ-დემოკრატია [რედაქტირება]

თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისში სოციალისტურ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების შედეგად წარმოიშვა. ფართო მნიშვნელობით რომ ვთქვათ ეს განხეთქილება შეიძლება აღწერილ იქნას როგორც გზების გაყოფა მათ შორის ვინც დაჟინებით მიიჩნევდა რომ პოლიტიკური რევოლუცია აუცილებელი წინაპირობაა სოციალისტური მიზნების მისაღწევად და მათ შორის ვინც ამტკიცებდა, რომ თანდათანობითი ან ევოლუციური გზით სოციალიზმამდე მისვლა შესაძლებელი და უფრო სასურველია.[2]

თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის იდეების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ედუარდ ბერნშტეინმა, რომელიც რეფორმისტულ სოციალიზმსა და რევიზიონისტულ მარქსიზმს ემხრობოდა. ბერნშტეინი თავდაპირველად მარქსისტი იყო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა კარლ მარქსთან და ფრიდრიხ ენგელსთან, მაგრამ მოგვიანებით მან მარქსისტულ შეხედულებებში სუსტი წერილების დანახვა და მათი კრიტიკა დაიწყო.[3] ბერნშტეინი აკრიტიკებდა მარქსიზმის კონცეფციას „კლასების შეურიგებელი ბრძოლის“ შესახებ და მარქსიზმის მტრულ დამოკიდებულებას ლიბერალიზმის მიმართ.[4] ბერნშტეინი ეწინააღმდეგებოდა მარქსის პოზიციას ლიბერალიზმის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ლიბერალ დემოკრატებსა და სოცაილ დემოკრატებს გააჩნიათ ის საერთო საფუძვლები, რომლებსაც „სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა უნდა უზრუნველეყო.[4]

კლასობრივი ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით ბერნშტეინი თვლიდა, რომ ეკონომიკური განსხვავება ბურჟუაზიისა და პროლეტარიატის კლასებს შორის თანდათანობით გაქრებოდა ლეგალური საკანონმდებლო რეფორმებისა და რედისტრიბუციის ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით.[4] ბერნშტეინმა უარყო მარქსისტული პრინციპი პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ და ამტკიცებდა, რომ თანდათანობითი დემოკრატიული რეფორმები გააუმჯობესებდა მუშათა კლასის მდგომარეობას.[5] გარდა ამისა ის თვლიდა, რომ კლასთა შორის თანამშრომლობა უკეთესი გზა იყო სოციალიზმის მისაღწევად ვიდრე შეურიგებელი კლასობრივი ბრძოლა. ბერნშტეინი აღიარებდა, რომ სოციალ-დემოკრატები ამჯობინებენ კაპიტალისტური ეკონომიკის სოციალისტურ ეკონომიკაში ტრანსფორმიების გრძელვადიან გეგმას და არა კაპიტალიზმის უცაბედად რევოლუციურად ჩანაცვლებას.

სოციალ-დემოკრატებს, რომლებმაც იმ ეპოქისთვის უმსხვილესი სოციალისტური ორგანიზაციები შექმნეს არ უარყვიათ მარქსიზმი, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანმა წევრმა დაიწყო მარქსის არგუმენტების რეფორმირების მცდელობა, რათა კაპიტალიზმის კრიტიკა უფრო ნაკლებად რადიკალური და მტრული ყოფილიყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სოციალიზმი საზოგადოების ევოლუციის მეშვეობით უნდა მიღწეულიყო და არა რევოლუციის. ეს შეხედულებები მიმართული იყო რევოლუციონერი სოციალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ კაპიტალიზმის რეფორმირების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, თავად რეფორმატორები კი თანდათანობით გაიყიდებიან და საბოლოო ჯამში თავად გადაიქცევიან კაპიტალისტებად.

მიუხედავად განსხვავებებისა სოციალიზმის რეფორმისტულ და რევოლუციურ ფრთებს შორის მეორე ინტერნაციონალი I მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთიანობას ინარჩუნებდა. ომის ლეგიტიმურობის შესახებ განსხვავებული შეხედულებები კი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ამ ისედაც უკვე არამყარი კავშირისთვის. რეფორმისტი სოციალისტები ომში საკუთარ ნაციონალურ მთავრობებს უჭერდნენ მხარს, რაც რევოლუციონერი სოციალისტებისთვის აღქმული იყო როგორც მუშათა კლასის პირდაპირი ღალატი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რევოლუციონერი სოციალისტები მიიჩნევდნენ რომ ამგავარი პოზიცია უარყოფდა პრინციპს, რომ ყველა ქვეყნის მშრომელები უნდა გაერთიანებულიყვნენ კაპიტალიზმის წინააღმდეგ. ომს კი აფასებდნენ როგორც დაბალი კლასებისთვის იძულებას, რათა ებრძოლათ და იმპერიალისტურ და კაპიტალისტურ ომში დაღუპულიყვნენ.

ამ განხეთქილებამ მწვავე დებატები გამოიწვია სოციალისტურ პარტიებში მაგალითად ედუარდ ბერნშტეინსა და როზა ლუქსემბურგს შორის როგორც რეფორმისტული და როვულუციური მიმართულების ლიდერებს შორის გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. საბოლოოდ რუსეთის 1917 წლის რევოლუციიისშემდეგ მსოფლიოს სოციალისტური პარტიების უმრავლესობა დაიშალა. რეფორმისტმა სოციალისტებმა შეინარჩუნეს სოციალ-დემოკრატების სახელი, იმავე პერიოდში ბევრმა რევოლუციონერმა სოციალისტმა საკუთარ თავს კომუნისტი უწოდა და სწრაფადვე დაიწყო თანამედროვე კომუნისტური მოძრაობის ფორმირება. ამ კომუნისტურმა პარტიებმა მალევე შექმნეს ექსკლუზიური მესამე ინტერნაციონალი, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც კომინტერნი.

1920 წლის შემდეგ დოქტრინალური სხვაობები სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტების ყველა ფრაქციას(ორთოდოქსი მარქსისტები, ბოლშევიკები, მენშევიკები) შორის უფრო აშკარა გახდა.

II მსოფლიო ომის შემდეგ [რედაქტირება]

ფაშიზმის დამარცხების შემდეგ სოციალ-დემოკრატია 1951 წლისთვის ევროპაში ჩამოყალიბდა, როგორც სოციალისტური მოძრაობა, რომელიც მხარს უჭერს გრადუალიზმს; ანუ მათ სჯეროდათ რომ კაპიტალისტური ეკონომიკის თანდათანობითი დემოკრატიული რეფორმირების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მისი ტრანსფორმირება სოციალისტურ ეკონომიკად და უარს ამბობდნენ სოციალიზმის რევოლუციის მეშვეობით, ძალადობრივი გზით დამყარებაზე. ასეთი პოზიციის გამო სხვადასხვა რადიკალურმა მემარცხენე ჯგუფებმა, მათ შორის კომუნისტებმა დაიწყეს სოციალ-დემოკრატების დადანაშაულება, იმაში რომ მათ მიიღეს და გაითავისეს კაპიტალისტური საზოგადოების ფასეულობები და შესაბამისად ისინი აღარ იყვნენ ნამდვილი სოციალისტები. სოციალ-დემოკრატებმა უარყვეს მარქსის პრინციპი პროლეტარიატის დიქტატურისა და სოციალისტური სახელმწიფოს შექმნის შესახებ და ამტკიცებდნენ, რომ თანდათანობითი დემოკრატიული რეფორმების გზით შესაძლებელია მუშათა უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1951 წელს ახალი სოციალისტური ინტერნაციონალი შეიქმნა, საერთაშორისო ორგანიზაცია სადაც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული პარტიები. სოციალისტური ინტერნაციონალის დამფუძნებელ ფრანკფურტის დეკლარაციაში გაკრიტკებული იქნა როგორც კაპიტალიზმი, ისე ბოლშევიკური კომუნიზმი.

სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის განხეთქილების შემდეგ მეორე აზრთა სხვადასხვაობა სოციალ-დემოკრატების შიგნით წარმოიშვა; მათ შორის ვისაც კვლავაც ჯეროდა რომ აუცილებელია კაპიტალიზმის გაუქმება(რევოლუციის გარეშე) და მისი შეცვლა სოციალისტური სისტემით, დემოკრატიული საპარლამენტო გზის საშუალებით და მათ შორის ვინც თვლიდა რომ კაპიტალისტური სისტემა შეიძლება შენარჩუნებულ იქნას, მაგრამ საჭიროა დემოკრატიული რეფორმები, ისეთები როგორიცაა მსხვილი საწარმოების ნაციონალიზაცია, სოციალური პროგრამების რეალიზაცია და აგრეთვე სიმდიდრის ნაწილობრივი გადანაწილება პროგრესული გადასახადების სისტემის მეშვეობით.

საბოლოოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიების უმრავლესობა უკანასკნელი პოზიციის უპირატესობის აღიარებამდე მივიდა და პოსტ II მსოფლიო ომის პერიოდში უარი თქვა რაიმე სახის ვალდებულებაზე კაპიტალისტური სისტემის დასრულებისთვის ბრძოლის შესახებ. მაგალითად 1959 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქალაქ გოდესბერგში მიიღო პროგრამა, რომელიც უარყოფდა კლასობრივ ბრძოლასა და მარქსიზმს. იტალიაში დემოკრატიულ სოციალისტური პარტია 1947 წელს დაარსდა და 1948 წელს მხარი დაუჭირა ცენტრისტული ალიანსის იდეას. 1980-იანი წლების შემდეგ ბევრმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიზიარა „მესამე გზა“ და მისი პრინციპები როგორც ფორმალურად ისე პრაქტიკაში. თანამედროვე სოციალ-დემოკრატები როგორც წესი ემხრობიან შერეულ ეკონომიკას, რომელიც დიდწილად კაპიტალისტურია, მაგრამ აგრეთვე დაცულია დაქირავებული მუშახელის უფლებები, არსებობს ფართო სოციალური პროგრამები და საყოველთაო ხელმისაწვდომობა კეთილდღეობის ინსტიტუტებზე.

დღეს [რედაქტირება]

იმ პოლიტიკის დიდი ნაწილი რასაც სოციალ-დემოკრატები მეოცე საუკუნის დასაწყისში უჭერდნენ მხარს, მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულად განვითარებულ ნაწილში პრაქტიკაში იქნა განხორციელებული სოციალ-დემოკრატიული მთავრობების მიერ. ინდუსტრიული სფერო ნაციონალიზებული იქნა, ჩამოყალიბდა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ანუ გაუმჯობესდა მუშათა უფლებები და მდგომარეობა, ხოლო სახელმწიფოს როლი უფასო ან სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანდ გაიზარდა.

მიუხედავად ამისა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული სოციალ-დემოკრატია დასავლურ სამყაროში გარკვეულწილად პოზიციებს თმობს და უკან იხევს. განსაკუთრებით ინგლისურენოვან ქვეყნებში სადაც სოციალ-დემოკრატიული ფასეულობები არ არის იმდენად გამყარებული ადგილობრივი კანონმდებლობითა და კულტურით, როგორც სხვაგან. უკანასკნელ წლებში რამდენიმე ისტორიული სოციალ-დემოკრატიული პარტია და მთავრობა სოციალ-დემოკრატიის ტრადიციული ელემენტებიდან ე.წ. მესამე გზაზე გადავიდნენ და მხარს უჭერენ პრივატიზირების პროცესსა და ბაზრის რეგულირების ფორმების შემცირებას.

ბევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მესამე გზის იდეოლოგიის მიღებამ განხეთქილება გამოიწვია უფრო ფართო სოციალ-დემოკრატიულ საზოგადოებაში. ტრადიციული სოციალ-დემოკრატები ამტკიცებენ რომ მესამე გზის იდეოლოგია მეტისმეტად ცენტრისტულია და უფრო მეტიც ასეთი ტემპებით მოძრაობა შეიძლება მემარჯვენე ცენტრისტულიც კი გახდეს. პარტიის შიგნით ოპოზიციის გარდა მესამე გზის მომხრეები პრობლემებს წააწყდნენ თავიანთ ძირითად ამომრჩევლებთანაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათმა ლიდერებმა სოციალ-დემოკრატიის ძირითად პრინციპებს უღალატეს.

მესამე გზის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ ეს უბრალოდ წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების თანამედროვე სამყაროს რეალიებთან აუცილებელ და პრაგმატულ ადაპტაციას: ტრადიციული სოციალ-დემოკრატიის აღმავლობის პერიოდი ომის შემდგომ ბრეტონ-ვუდსის კონსესუსის ჩამოყალიბებას დაემთხვა რომელიც 1970-იან წლებში დასრულდა. გარდა ამისა განვითარებული ქვეყნის პოლიტიკური პარტიებისთვის მკაფიო მემარცხენე პალატფორმით არჩევნებში გამარჯვება სულ უფრო ძნელი გახდა, რადგან ამომრჩეველების უდიდესი ნაწილი საშუალო კლასს შეადგენს და უფრო სხვა სახის წინასაარჩევნო პროგრამებს უჭერს მხარს.

ბრიტანეთში სწორედ ასეთმა ამომრჩეველმა ლეიბორისტული პარტია ზედიზედ ოთხჯერ 1979-დან 1997 წლამდე არ აირჩია ხელისუფლებად, ამის გამო მესამე გზის პოლიტიკოსმა ტონი ბლერმა და მისმა კოლეგებმა მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება საჯაროდ უარყვეს მათი პარტიის ძველი აშკარად უფრო სოციალ-დემოკრატიული პრინციპები და საფუძველი ჩაუყარეს უფრო ცენტრისტული ორიენტაციის ახალ ლეიბორიზმს, რომლის მეშვეობითაც არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს, თუმცა ლეიბორისტულმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 1997 წელს მოვიდა, ვერ შესძლო რეალური ცვლილებების მიღწევა და გააგრძელა ტენდენცია, რომელიც მარგარეტ ტეტჩერმა დაიწყო 1980-იან წლებში და პრივატიზირების პოლიტიკას გულისხმობდა. ხოლო განხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებში კვლავაც არ შემცირებულა.

მესამე გზის წარუმატებლობამ და მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა სოციალ-დემოკრატიის განახლება და ახალი პოლისების შემუშავება დააყენა დღის წესრიგში, რომლის ძირითადი პრინციპებისა და მიმართულებების შემუშავება ფართო განსჯის საგანი გახდა მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალებსა და ანალიტიკურ ცენტრებს შორის. ეს დისკუსია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ დღეისთვის არსებული ტენდენცია იმისაკენ მიუთითებს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიები ცდილობენ უფრო ტრადიციულ სოციალ-დემოკრატიულ პრინციპებსა და პოზიციებს დაუბრუნდნენ.

რა არის ბლოგი ?

2 Nov

ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.

ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე(photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting).

მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან.

2007 წლის დეკემბრისთვის, ბლოგების ძიების სისტემა Technorati ითვლიდა 112 მილიონ ბლოგს.[1]

ტიპები

   რსებობს ბლოგის მრავალგვარი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ ამ შინაარსის მოწოდების ან შექმნის გზებით.

პირადი/პერსონალური ბლოგი

პირადი ბლოგი, ყოველდღიური მოვლენების ამსახველი ჩანაწერები პიროვნების მიერ (იგივე დღიური), არის ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული ბლოგის სახე. ბლოგის ავტორები (ბლოგერები) ამაყობენ თავიანთი ბლოგის პოსტებით თუნდაც მათ ავტორის გარდა არავინ კითხულობდეს. ბლოგები ხშირად ხდება კომუნიკაციის ფორმა; აქ აისახება ცხოვრება და ხელოვნების ნიმუშები. ბლოგის წარმოებას გააჩნია სენტიმენტალური ხასიათი. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება.[2]

კორპორატიული ბლოგი

უმრავლეს შემთხვევაში ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს ბიზნეს მიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც. ბლოგს, რომელიც კომპანიაში გამოიყენება შიდა კომუნიკაციის და კულტურის ზრდისთვის, ან გარე მარკეტინგისბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, ეწოდება კორპორატიული ბლოგი.

მედია ტიპის მიხედვით

ვიდეომასალების შემცველ ბლოგს ეწოდება — ვლოგი (Vlog). ბულების შემცველ ბლოგს ეწოდება — ლინკლოგი (linklog). ჩანახატების, მონახაზების ან/და ესკიზების შემცველ ბლოგს ეწოდება — სკეჩბლოგი (Sketchblog). ფოტოსურათების შემცველ ბლოგს ეწოდება — ფოტობლოგი (Photoblog). შერეული მედიის შემცველ ბლოგს ეწოდება — ტამბლოგი (Tumblelog). არტლოგი (Artlog) წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშების გასაზიარებლად და გამოსაქვეყნებლად შექმნილ ბლოგს, თუმცა განსხვავდება დომინირებული აქცენტით ხელოვნების ნიმუშებზე და არა ტექსტზე. იშვიათი ტიპის ბლოგს, რომელიც დაფუძნებულია (hosted) გოფერის პროტოკოლზე, ეწოდება ფლოგი (Phlog)

მოწყობილობის (device) მიხედვით

ბლოგები განსხვავდება იმითაც, თუ რა მოწყობილობაა გამოყენებული მათ შექმნაში. ბლოგს, რომელიც იწერება მობილური ტელეფონიდან ან PDA (???) შეიძლება ვუწოდოთ მობლოგი (Moblog).[3] ერთერთი ადრეული ბლოგი იყო — Wearable Wireless Webcam, ერთი პიროვნების ონლაინ დღიური, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც აერთიანებდა ტექსტს, ვიდეოს და სურათებს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ვებსაიტს სპეციალურ სათვალეში ჩამონტაჟებული ვებკამერიდან (EyeTap). ასეთ ნახევრად ავტომატიზირებულ ბლოგის წარმოების ტექნიკას, პირდაპირი ეთერისა და ტექსტის გაერთიანებით ეწოდება sousveillance. მსგავსი ბლოგები არაერთხელ იქნა გამოყენებული საკანონმდებლო საქმიანობაში.

ჟანრობრივი

ზოგი ბლოგი ფოკუსირებულია გარკვეულ თემაზე, როგორც მაგალითად პოლიტიკური ბლოგები, მოგზაურობის, მოდის და პროექტების შესახებ დაწერილი ბლოგები, ნიშური ბლოგები, კლასიკური მუსიკის ბლოგები, და იურიდიურლი ბლოგები (ხშირად მოიხსენიებანე როგორც Blawgs) ან სიზმრის ბლოგები. ბლოგი, რომელიც არ არის წესიერი ტიპის და გამოიყენება სპამისთვის ცნობილია როგორც — სპლოგი (Splog).

კითხვა-პასუხზე დაფუძნებული ბლოგი

კითხვა პასუხზე დაფუძნებული ბლოგი პასუხობს შეკითხვებზე. შეკითხვები შეიძლება გაიგზავნოს მკითხველის მიერ ფოსტის, კომენტარის, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით. ქლოგი (Qlog) გამოიყენება პოდკასტებში თვალსაჩინოებისთვის ან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბევრი ქლოგი იყენებსRSS სინდიკაციას როგორც კითხვებზე გაცემული პასუხების გამოქვეყნების საშუალებას.

ქართული ბლოგოსფერო

ქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, აქტიურად ამუშავდა ქართული ბლოგინგის სისტემა log.ge თუმცა ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგები მაინც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული, უმეტესწილად Blogger.com და WordPress.com-ზე. თუმცა ამ უცხოური სისტემების მომხმარებელი საზოგადოება, ერთგვარ საინტერესო ბლოგ-ჯგუფს ქმნის და უდავოდ ყურადღების ღირსია.

პირად ბლოგებზე ირჩევა საზოგადოებრივი პრობლემები, იწერება გასართობი, შემეცნებითი შინაარსის სტატიები. როდესაც სხვა მედია საშუალებები მიუწვდომელია, ქართული ბლოგოსფერო აქტიურად იწყებს ინფორმაციის მოძიებას და გავრცელებას. ამ მხრივ აღსანიშნავია როკოს ბლოგი[4], რომელმაც 2007 წელს ეროვნულ ინტერნეტ-კონკურში – topsite.ge – გაიმარჯვა, ნომინაციაში ”წლის საუკეთესო საინფორმაციო საიტი”.

გარდა პირადი ბლოგებისა ქართულ ბლოგოსფეროში უკვე გამოჩნდა პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი ბლოგები, კულინარიული ბლოგები[5], სილამაზესთან და ქალურ რჩევებთან დაკავშირებული მრავალ-ავტორიანი ბლოგები[6]. ასევე ბლოგები ფოტოგრაფიის[7], მუსიკის[8], ბიზნესის, ეკონომიკისა[9] და საბანკო–ფინანსური სექტორის შესახებ.[10]

ასევე აღსანიშნავია პროექტი არტ-იდეა”[11], პირველი ქართული შემოქმედებითი workshop-ი, რომლის პოპულარობამ ყველა რეკორდი მოხსნა. აქ შემოქმედი ადამიანები იკრიბებიან და ყოველკვირეულ თემაზე, რომელიც ყოველ შაბათს იქვე ბლოგზე ქვეყნდება, თავის ნამუშევრებს გვთავაზობენ. დავალების შესრულების ვადად ერთი კვირაა მიჩნეული. პროექტი იმით არის აღსანიშნავი, რომ ნამუშევრების გარდა უხვია კომენტარები თითოეულ ნამუშევარზე და უკუკავშირი მომხმარებელთან ადვილი მისაღწევია.

2010 წლიდან ქართულ ბლოგოსფეროში გამოჩნდა ახალი პროექტი blogging.ge, რომელიც მთლიანად ბლოგინგსა და სოციალური მედიის სიახლეებს ეძღვნება. ბლოგი განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ბლოგერებისთვის, ან უბრალოდ მათთვის, ვისაც სოციალური მედიის უახლესი ტენდენციები აინტერესებს.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში არცერთი კომპანიის მარკიტინგული სამსახური არ იყენებს…

ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

მუსიკის სამყარო

მუსიკები და ყველაფერი მუსიკის გარშემო

Georgian Dances

Georgian Dances Official Website

ს.ო.ბ

სუბიექტურად ობიექტური ბლოგი

╚► givkas page ◄╝

⇨ ☻ Welcome to my world... ⇨ ☻ or ⇨ ☻ Welcome to givkaspage ⇨ ☻

სალომეს ბლოგი

I know that I know anything

მოხალისეს / პარტიზანს

სახელმძღვანელო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.