Archive | December, 2012

„ტრადიციები“ – საქართველოში

26 Dec

iillu.wordpress.com

ტრადიცია:

ტრადიცია ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები, რომელიც ნებისმიერ ერს გააჩნია და იცავს მათ. ტრადიციის არსი, მისი დროსთან კავშირია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ დროს მისი გაუფასურება არ შეუძლია. იგი ადამიანის ფსიქიკაში ღრმად იდგამს ფესვებს და მერე მისი მოსპობა, თითქმის შეუძლებელია. დრო პერიოდულად ახდენს ტრადიციების გადაფასებას ხოლმე საზოგადოების ცვლილებასთან ერთად, თუმცა ის რაც ღირებულია და დროს უძლებს რჩება, ხოლო რასაც ყავლი გასდის და დრო მოჭმული ხდება, გადის მოხმარებიდან. უძველესი დროიდან, ტრადიციები ჩნდება და არავის უფრიქრია რატომ ან როგორ.

ხშირად ტრადიცია ძველდება და თანამედროვეობას ვეღარ უწყობს ფეხს. ხდება მათი გაუფასურება და უარეს შემთხვევაში მათი გაქრობაც კი, რაც ადამიანებში სრულ ქაოსს იწვევს. დღესრეობით საზოგადოება რამდენიმე ფენად იყოფა. ახალგაზრდა თაობა უარყობს ხოლმე ტრადიციების არსებობის აუცილებლობას, თუმცა ეს საერთო აზრზე არ მოქმედებს. საქართველოს კულტურა, უძველესი დროიდან ტრადიციებითა და საკუთარი თავისებურებით გამოირჩეოდა, რითაც ქართველები თავს საუკეთესოებად მივიჩნევთ. მაგრამ ისმის კითხვა:

-აუცილებელია თუ არა ამდენი მოძველებული ტრადიციის არსებობა, რომლის წარმოშობის შესახებ, შეიძლება არც კი ვიცოდეთ?
– ქართული ტრადიციები გვჭირდება და აუცილებლობაცაა. თუმცა ის უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს, თანამედროვეობას და ცივილიზაციას უნდა მოერგოს. ამ ფორმაში და ამ სტანდარტებში მყოფი ტრადიციები ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს და მის მომავალს დაობებით ემუქრება.

ქართველები მუდამ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენში წარსულებს ყოველთვის პატივს სცემენ და საქართველოში ადამიანები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ გარდაიცვლებიან, ანუ სახეს იცვლიან.

ახალი წლის ტრადიცია – „ქართლში“

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.

ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ. კახეთი: კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვ. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის – ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას. კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური. სამცხე-ჯავახეთი: სამცე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება აპოხტი – დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი – წვრილად დაჭრილი ცომის მოხარშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ. თუთის ნაყოფისგან ამზადებენ თაფლს სახელად – ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა. აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა. საქართველოს ყველა სხვა მხარეებისგან განსხვავებით აქ მიირთმევენ ლოკოკინებსაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს – ბაქმაზს იყენებენ. სვანეთი: სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია სულგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი – პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი – სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს. აჭარა: აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია, იგი ფერთა მთელი პალიტრაა. აქ ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარული სამზარეულო განიცდის თურქული კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. აჭარული ტკბილეულებია: ბაქლავა და შაქარლამა. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს, იგი უფრო ცხიმიანი და მძიმეა. ცნობილია აჭარული ზღვისპირეთის: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. თუმცა ყველაზე პოპულარული აჭარული კერძები არიან: ბორანო(კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული(კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე) და სინორი(ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი). აფხაზეთი: მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია აბისტა – სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.

ქართული ცეკვა 

ქართულ ცეკვაში ათასწლეულები სუნთქავს, ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია იკითხება. ხალხური ცეკვა ყოფიდანაა წამოსული და მასში მთელი თავისი მშვენებით იშლება ცხოვრება. ქართული ცეკვა მხატვრულ ფორმათა ნაირგვარობის გამოვლენის გასაოცარ პალიტრას გვთავაზობს. მისი ”ერთი ილეთი – ეს ერთი წინადადებაა; ილეთთა ერთიანობა და მთლიანად ქორეოგრაფიული სურათი კი მთელი წიგნია, ამ წიგნს გაფრთხილება და სწორად წაკითხვა უნდა” (ენვერ ხაბაძე). არადა, რამდენი უნიკალური ქართული ილეთი, სვლა, მოძრაობა, ცეკვის ნახაზია გამქრალი თუ დავიწყებული. სწორედ მივიწყებულისა და მიჩქმალულის შეხსენებას და გაცოცხლებას ისახავს მიზნად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემა ”ქართული ცეკვის საარქივო ჩანაწერები”. დისკზე თავმოყრილია საქართველოს რადიოს ”ოქროს ფონდსა” და ეროვნულ არქივში გასული საუკუნის 30-70-იან წლებში კინოფირებზე გადაღებული, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებისა და ინდივიდუალურ მოცეკვავეთა მიერ შესრულებული, ავთენტიკური ხალხური ცეკვები და ცეკვების ფრაგმენტები.

ქართული სიმღერა

საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული.

სოციალური პრობლემები

26 Dec

სოციალური პრობლემა ეწოდება პროცესს, რომლის განვითარებისას წარმოქმნილი პირობები და მოვლენები, გარკვეული ჯგუფების ან მთელი საზოგადოების ცხოვრების სიტუაციაზე ზემოქმედებენ (მაგ. სიღარიბე, ძალადობა, ნარკომანია, გარემოს დაბინძურება), რომლის შეცვლაც საზოგადოებაში ან მის ცალკეულ ნაწილებში სავალდებულოდ მიაჩნიათ, რომელიც საზოგადოებას აფორიაქებს, პოლიტიკური პროგრამების და ღონისძიებების საგანია.

ჰერბერტ ბლუმერმა (Herbert Blumer) შეიმუშავა ხუთსაფეხურიანი მოდელი:

  1. სოციალური პრობლემის წარმოშობა, ანუ მისი აღქმა, გაცნობიერება და დასახელება საზოგადოებაში.
  2. საზოგადოებრივი აღიარება (ლეგიტიმაცია), როგორც სოციალური პრობლემისა.
  3. პოლიტიკურ დისკუსიებში შესაძლო სამოქმედო სტრატეგიების განხილვა.
  4. სამოქმედო გეგმის შემუშავება პრობლემის დარეგულირებისთვის.
  5. სამოქმედო გეგმის განხორციელება (ტრანსფორმაცია).

მეცნიერულ სამყაროში არსებობს ერიანობა იმის თაობაზე, რომ სოზიალური პრობლემა კოლექტიური მოქმედების პროცესს აღნიშნავს. ამის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს დავა იმის თაობაზე, “სოციალური პრობლემა” მხოლოდ საზოგადოებაში როგორს ასეთად აღიარებულ, დასახელებულ და გაცნობიერებულ პრობლემებს უმდა ასახავდეს თუ მისი საგანი ლატენტური სოციალური პრობლემებიც უნდა შეადგენდენ, რომელთა აღმოჩენა და დიაგნოზიც საზოგადოებათმცოდნეობის დავალებაა.

დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში

26 Dec

საქართველოში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით, 1,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15,1% შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად, მოსახლეობის აქტიურობისა და დასაქმების დონეების ზრდაც აღინიშნა. 2011 წელს 2010 წელთან მიმართებაში, აქტიურობისა და დასაქმების დონეები, შესაბამისად, 1,0 და 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. აქტიურობისა და დასაქმების დონეები გაზრდილია, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში.

2011 წელს 2010 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის ერთნაირად გაიზარდა. სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე 1,3 პროცენ-ტული პუნქტით, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში – 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

რეგიონალურ ჭრილში, უმუშევრობის დონე, შიდა ქართლის რეგიონში – 3,8%-ით, იმერეთის რეგიონში – 2,4%-ით, ხოლო კახეთის რეგიონში 2,2%-ით შემცირდა.

აღნიშნულ პერიოდში, უმუშევრობის დონე თითქმის ერთნაირად შემცირდა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში. კერძოდ, უმუშევრობის დონე ქალებში 1,3%-ით შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებლის კლებამ 1,2% შეადგინა.

აქტიურობის დონის სქესობრივ ჭრილში განხილვისას, აღსანიშნავია, რომ ქალებში აქტიურობის დონემ, 2011 წელს, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ხოლო კაცებში – ბოლო ათწლეულის მანძილზე. აქტიურობის დონის ანალოგიურად, ქალებში დასაქმების დონემ, 2011 წელს, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ხოლო კაცებში – ბოლო შვიდი წლის მანძილზე.

უმუშევრობა სქართველოში

სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვებით, უმუშევრობა საქართველოში,  მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების ნუსხაში, პირველ ადგილს იკავებს.

”უმუშევართა კავშირმა დასაქმებისთვის” მოამზადა მემორანდუმი, სადაც ხელისუფლებას უმუშევრობასთან და უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებთან   ბრძოლისკენ მოუწოდებს, ასევე ურჩევს  დროებითი  1- დან 12 თვემდე ვადით სამუშაო კონტრაქტების გაუქმებას და ა.შ.

უმუშევართა კავშირის თავმჯდომარის თამარ სადღობელაშვილის განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა, რომელიც უმუშევართა რეგისტრაციას განახორციელებს :

” საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი. ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში  არანაირი სოციალური დაცვის მექანიზმები არ არსებობს, პრაქტიკულად არაფერი კეთდება, რომ ამ პრობლემას ეშველოს. ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონით, სტრუქტურულად. საქართველოში უნდა შეიქმნას სამსახური, რომელიც დაკავდება უმუშევართა რეგისტრაციით და აღრიცხვით, ასევე უმუშევართა დასაქმებით და შემწეობის გაცემით. შემწეობის მხრივ საქართველოში ჯერჯერობით არაფერი კეთდება. ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი ”უმუშევართა დაცვის შესახებ”,  ჩვენი ეს ინიციატივა აუცილებლად განიხილება  პარლამენტში, ალბათ უკვე ახალი წლის შემდეგ ფრაქციაში ”ერთობა სამართლიანობისთვის” ( თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი). გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები რამდენიმე პარტიასთან, მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყი მემორანდუმის შექმნა. მოვილაპარაკეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ბოლოსდაბოლოს უმუშევრობის პრობლემა გადაწყდეს და შეიქმნას სისტემა, როგორიც მოქმედებს სხვა განვითარებულ, ნორმალურ ქვეყნებში. თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევა სოციალურ პრობლემებში, რომელი ფორმა ავირჩიოთ?! სკანდინავიის ქვეყნებში ძირითადი როლი მიუძღვის სახელმწიფოს,  საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში ახელმწიფოს როლი შუალედურია. ან ნაკლებად ჩაერთოს სახელმწიფო, როგორც ეს არის აშშ-ი. მაგრამ აშშ ძალიან არის განვითარებული სადაზღვეო პაკეტების სექტორი. ცხადია, რომ საქართველოში ეს საკითხი მოსაწესრიგებელია”.

ვისთან გეგმავს უმუშევართა კავშირი მემორანდუმის გაფორმებას, რა ადგილი უკავია  უმუშევრობის პრობლემის დაძლევას მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში? – ამის შესახებ ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძე გვესაუბრება:

” ჩვენ გვინდა  ეს მემორანდუმი ყველა  ოპოზიციურ ძალასთან გავაფორმოთ, რომელიც თავისუფალია ხელისუფლების კლანჭებისგან. ვინაიდან ცალკე პრეზიდენტს, ცალკე პრემიერს, ცალკე პარლამენტის თავმჯდომარეს გავუგზავნეთ ეს საკითხები, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია, ერთადერთი, ვინც გამოგვეხმაურა, იყო ჯანდაცვის სამინისტრო.. ამის შემდეგ ჩვენ მოვაწყვეთ კანცელარიასთან და პარლამენტთან ”ცარიელი ქვაბების აქცია”. ეს იყო ჩვენი პროტესტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი, ჩვენ მიერ მომზადებული მემორანდუმი გვინდა გავაცნოთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ იგი გახდეს ნაწილი პოლიტიკური პარტიების პროგრამების.

10-პუნქტიან გეგმაში კონკრეტულად უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებით. არ წერია, რომ შესაქმნელია კანონი უმუშევართა დაცვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აგრძელებს იგივე გზით სიარულს, რასაც ჰქვია ”სიღარიბის დაძლევის პრობლემა”. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიღარიბის დაძლევის პრობლემა კი არ არის მთავარი. მთავარია უმუშევრობა დავძლიოთ, რომელიც ამოიყვანს ქვეყანას სიღარიბიდან”.

ალექსანდრე შალამბერიძის თქმით,  დღეს საქართველოში მხოლოდ 900 ათასი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 340 ათასი სახელმწიფო სექტორში.

საქართველოში – განათლება დღეს

22 Dec

უმაღლესი განათლების საფეხურები

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შედგება სამი საფეხურისაგან:

  • პირველი საფეხური – ბაკალავრიატი (240 კრედიტი)
  • მეორე საფეხური – მაგისტრატურა   (120 კრედიტი)
  • მესამე საფეხური – დოქტორანტურა (180 კრედიტი)

პირველი საფეხურის ფარგლებში  არსებობს დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (120 -180 კრედიტი). ამასთან,  სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარიული განათლება (300-360 კრედიტი) არის ინტეგრირებული განათლება და თავისი სწავლის  შედეგებით უთანაბრდება მაგისტრატურას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი.

  •  კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს  პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული კვალიფიკაციის, დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას.
  • სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორცილებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრას
  • უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს;
ხარისხის უზრუნველყოფა

უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება აკრედიტაციის გზით. აკრედიტაციას ახორციელებსგანათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი   

სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული და ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. კრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სია.

სქემა –  უმაღლესი განათლების სისტემა

iillu.wordpress.com

“ქართული” – ტრადიციული დღესასწაულები და ტრადიციული კერძები

11 Dec

დღესასწაული არის რაიმე ღირშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებული ზეიმი, საზეიმო დღე. აღსანიშნავი მოვლენის ხასიათის, მნიშვნელობისა და გავრცელების არეალის თვალსაზრისით დღესასწაულები იყოფიან სამოქალაქო (საერთო-სახალხო, ეროვნული, პროფესიული), საერთაშორისო და რელიგიურ დღესასწაულებად. სამოქალაქო დღესასწაულებს შესაბამისი კანონებით აწესებენ სახელმწიფოები, საერთაშორისოს – საერთაშორისო ორგანიზაციები თავისი აქტებით, ხოლო რელიგიურს – რელიგიური დაწესებულებები. ხშირ შემთხვევაში, დღესასწაულები სახელმწიფოს მიერ უქმე დღეებად ცხადდება. დღესასწაულების უმეტესობა წლის კონკრეტულ დღეს აღინიშნება, მაგრამ არსებობს (მათ შორის რელიგიური) დღესასწაულები, რომლებიც მოძრავნი არიან და სხვადასხვა წელს სხვადასხვა დღეს ზეიმობენ.

ქართული ტრადიციული დღესასწაულები

  საქართველო უძველესი და უმდიდრესი ტრადიციების ქვეყანაა. სწორედ, რწმენასთან ერთად ტრადიციულობამაც გადაგვარჩინა გარკვეულწილად.

ქართული ტრადიციების შესახებ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ალბათ, ძალიან ბევრს ისმენს. ეს ტრადიციები იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ხალხს ჰგონია. ბევრი „ტრადიცია” ბოლო ხანებში გაჩნდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ახასიათებს გარკვეული კულტურული ნიშნები, რომელსაც ყველა აქ მცხოვრები ცნობს, მაგალითად, სტუმართმოყვარეობა, მეგობრობისა და ოჯახისადმი ერთგულება.

სუფრა ქართული ყოფითი და, შეიძლება ითქვას, სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია: ღვინო, პური (ზოგადად, საკვების მნიშვნელობით), სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.

თითოეული რეგიონისთვის ქართული სუფრის ტრადიცია განსხვავებულია. (გურულების სუფრა, კახური სუფრა. იმერული სუფრა და ა.შ)

სუფრის ტრადიციასთნ მჭიდროდაა დაკავშირებული მეღვინეობის ტრადიცია__ ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები.

საერთოდ, ჩვენთან ღვინოს ბლომად სვამენ, მაგრამ საქმეც ის იყო, იშვიათად თვრებოდნენ. ფრანგი მოგზაური შარდენი მე-17 საუკუნეში ქართველებზე წერდა: ,,არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში”

  • ღვინის ტრადიცია საქართველოში: 

დღეს ღვინო ზუსტად ისეთივე წესით იწარმოება, როგორც ეს ხდებოდა ძველ დროს, ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს ყუნწებთან, წიპწებთან და ნარჩენებთან ერთად.

ღვინო ისხმევა ქვევრებში, ილუქება და ინახება 3-4 თვით მარანში.ასეთი წესით დამზადებული ღვინო მდიდარია ტანინითა დ ვიტამინებით და გააჩნია სამკურნალო თვისებები.

iillu.wordpress.com

საქართველო – ღვინის  სამშობლო

ნაკლებად ცნობილი ფაქტია რომ სწორედ საქართველოში ჩაეყარა საფუძველი მსოფლიო მეღვინეობის ტრადიციას. საქართველო არის ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომელთა შორის არის 7000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები და მრავალი ანტიკური ჭურჭელი.

ღვინო არის საქათველოს მემკვიდრეობისა და იდენტურობის ნაწილი, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, პოეზიას, სიმღერასა და რელიგიას. ღვინო წარმოადგენს აღორძინების, სიმდიდრისა და სიუხვის სიმბოლოს.

საქართველოში ვაზის ბევრად მეტი ორიგინალური სახეობაა (500-ზე მეტი) ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რბილი კლიმატი და შავი ზღვით განპირობული ნოტიო ჰავა ქმნის საუკეთესო პირობებს ქვეყანაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.

  • ქართული ხალხური მუსიკა და ცეკვა:თუ რამით შეუძლია ქართველმა ხალხმა იამაყოს, ესენია ქართული ხალხური მუსიკა და ქართული ხალხური ცეკვები.

iillu.wordpress.com

ცეკვა: ქართველი კაცის უპირველეს თვისებად უცხოელები მკვეთრად გამოხატულ არტისტიზმს ანუ თეატრალურობას მიიჩნევენ. არტისტიზმში კი სამი ძირითადი კომპონენტია: მიმიკა, მეტყველება და პლასტიკა. სწორედ ეს უკანასკნელია მთავარი მახასიათებელი ქართველი კაცისა და, მით უმეტეს, ქართველი მსახიობისა. ქართული ცეკვა ათასწლეულთა სიღრმიდან მოდის. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და წერილობითი ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული
ხალხური ქორეოგრაფიის უძველესი გამოვლენა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი სამონადირეო ცეკვა-ფერხული ყოფილა. XX საუკუნეში ქართული ხალხური ცეკვის აღორძინება-პოპულარიზაციაში დიდი დამსახურება მიუძღვით გამოჩენილ ქორეოგრაფებს ჯ. ბაგრატიონსა და დ. ჯავრიშვილს. ამ მხრივ, განსაკუთრებულია ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ღვაწლი, რომელთა მიერ შექმნილმა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა ქართული ცეკვის დიდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაიტანა. სიმღერასთან ერთად, ქართველი კაცის პლასტიკა (ცეკვა) სრულიად განსაკუთრებულია. იგი ჩაწერილია ქართველის გენეტიკურ კოდში, რომელიც ათასწლეულთა სიღრმიდან მოდის. ამიტომ, სავსებით კანონზომიერია, რომ როდესაც XX საუკუნეში, ამისი პირობები შეიქმნა, ორმა გენიალურმა ქართველმა – ჭაბუკიანმა და ბალანჩინმა (გიორგი ბალანჩივაძე), მსოფლიო საბალეტო, როგორც საშემსრულებლო, ასევე საბალეტმაისტერო ხელოვნებაში გადატრიალება მოახდინა. პლასტიკაში განცხადებულმა ქართულმა გენმა თვისებრივად ახალი ძალით ნინო ანანიაშვილში იფეთქა. ნინო ანანიაშვილი მსოფლიო დონის პრიმაბალერინაა. მსოფლიოს საბალეტო სცენებზე იმართება გალაკონცერტები სახელწოდებით: ნინო ანანიაშვილი და მსოფლიოს ბალეტის ყველა ვარსკვლავი”. მის გვერდით ცეკვა ყველა მოცეკვავისათვის დიდად პრესტიჟულია.

iillu.wordpress.com

მუსიკა: მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქართული ხალხური მუსიკის გაცნობისას, პირველ რიგში, ადამიანს თვალში ხვდება მის სახეთა სიმდიდრე და მრავალფეროვნება. ქართული ხალხური მუსიკა შეიცავს ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის უძველეს ნიმუშებს (როგორც აღნიშნავენ, ის უაღრესად არქაულია). რუსი მუსიკათმცოდნე ვ. ბელიაევი წერდა: `საქართველოს ხალხური მუსიკალური ხელოვნების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ორგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში, რომლის წიაღშიც X საუკუნეში წარმოიქმნა ეროვნული მუსიკალური დამწერლობა~. ქართული მუსიკალური ფოლკლორი მდიდარია ჟანრობრივადაც. ის მოიცავს შრომითი, საყოფაცხოვრებო, საწესჩვეულებო, საქორწილო, ისტორიულ, საგმირო, სასიყვარულო, სახუმარო, საფერხულო სიმღერებს, შაირებს, მოთქმა-ტირილს. ყველა თავისი მრავალფეროვნებით ეს ჟანრი სამ ხმაში იმღერება. ჩვენამდე მოღწეული ორხმიანი სიმღერები, უპირატესად, შრომითი, საწესჩვეულებო, საფერხულო, საცეკვაო სიმღერებია.

  • ქართული ტრადიციული ქორწილი:

ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.  განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.

ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა. იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლავთ.

  • სახლის ტიპები:

ცხოვრების სტილის თავისებურება და ხასიათი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელ სახლებზე აისახა. საქართველოში სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებს გასნხვავებული კარ–მიდამო ჰქონდათ. რაც განპირობული იყო არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის ბუნებრივი პირობების თავისებურებით, არამედ ისტორიული მემკვიდრეობითაც.

საქართველოში გავრცელებული სახლის ტიპებია:

1– მეცხვარეების მაღალ მთიანი კარავი, როგორც ჩანს ამ ტიპის ნაგებობა გავრცელებული იყო, როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოშიც.

2– მეგრულ–აფხაზური წნული (ფაცხა) კონუსისებური გადახურვით, გამოყენებულია სხვადასხვა სახის ჩალა. ფაცხის შუაგულში განთავსებუალია საცეცხლური (შუა ცეცხლი), რომლის საწვავი მორის ბოლო ღია შემოსასვლელშია გადებული.

3– სვანური სახლი („ქორ“) და მისი სტანდართული, ჩვეულებრივ უფრო ადრეული, თავდაცვითი კოშკი („მურყვამ“);

4– ციხე–კოშკი მთის რაჭაში, ეკუთვნის იმ საცხოვრებლის ტიპს. რომელშიც ადამიანები და საქონელი, სანოვაგის მარაგი და პირუტყვის საკვები ერთ კომპლექსშია მოქცეული (საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსები განლაგებულია ვერტიკალურად, ერთსახურავქვეშ);

5– ხევსურული სახლი, სამსართულიანი, ფიქალი ქვისაგან მშრალად ნაგები; შენდებოდა ტერასულად, აქ კომპაქტურად თავსდებოდნენ ადამიანი და ცხოველები, რაც ხევსურული ხალხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თავისებურება იყო.

6– აჭარული სახლი (ფიჭვის) ფასადის მხრიდან დგას მიწაზე; უკანა ნაწილი ეყრდნობა ვეება ლოდებს, გადახურულია ყავრით. ქვედა სართული საქონლისთვისაა განკუთვნილი; მეორე საცხოვრებელ სართულში შესასვლელი ძელებისგანაა ნაგები; კერა შუა ადგილზეა გამართული, დადაბლებულ და მიწით დაფარულ მორებზე; საკვამურად ჭერში ხვრელია დატოვებული;

7– დასავლური, კერძოდ მეგრული ხის სახლი (ოდა) შენდებოდა ქვის საყრდენებზე და იხურებოდა ყავრითა და კრამიტით; სამეურნეო სათავსები ოდის უკანაა გამართული; ხანდახან ხულა (ხმელი ხილისა და სანოვაგის შესანახი ადგილი) სახლის შიგნით იყო მოქცეული. კერის მაგივრად ბუხარია. ფასადის გასწვრივ აივანია, მას საკმაოდ განიერი სკამ–ლოგინი მიუყვება. სახლის წინ დიდი ეზოა, რომელიც მწვანე მოლითა და ყვავილნარითაა დაფარული, ეზოშია ჭაც.

8– დარბაზი – გლეხის სახლის აღმოსავლეთ საქართველოში. მისი გავრცელების ძირიტადი არე ძველი ქართლია, რომლის სხვადასხვა პროვინციაში საცხოვრებლის ეს ტიპი სხვადასხვა სახიტ არის ცნობილი. “დარბაზში“ ერთი სახურავის ქვეშ, ამჯერად ჰორიზონტალურადაა განლაგებული ყველა საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსი.

9– ქალაქური სახლი (ქ. თბილისი) ძირითადად ორსართულიანია, შიდა ეზოთი, რომლის გარშემო აივნებია; ესენი საცხოვრებელ ოთახებს აკავშირებენ სამეურნეო დანიშნულების სათავსოებთან; კრამიტმა თანდათან ადგილი დაუთმო თუნუქის გადახურვას. ქუჩის სამ–ხუთ თაღიანი აივნები აჟურული, ხან კი რიკულებიანი მოაჯირებითაა, კარ–სარკმლის თეთრი მოჩარჩოება ამპირის სტილისაა, ფონები –ცისფრად, ღია მწვანედ და ა.შ. არის შეფერილი.

  • ტრადიციული ქართული სამოსი:

iillu.wordpress.com

iillu.wordpress.com

 

 

 

 

 

 

 

ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ.

საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ.  ქართული ტანსაცმლის ისტორიას არქეოლოგიურ მასალებთან ერთად ავსებს უცხოელ მოგზაურთა ცნობები.

  1. ასკინკილა. (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში – “კინკილაობა”, “სალაობა”, “ლიპარიტი”, სვანეთში – “კირინკაჩხვ”, ან “ჭირინჭვა”), საბავშვო თამაში, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. ზოგჯერ დაჭერობანას თამაშისას ერთი ბავშვი ასკინკილა დასდევს დანარჩენებს დასაჭერად; ზოგჯერ ორ გუნდს შორის იმართება შეჯიბრება ასკინკილათი სირბილში. თამაშობენ ასეც: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილა ხტომით, ფეხის წვერით გადააქვთ ბრტელი ქვა (სალა) ერთი უჯრედიდან (“ბოსტნიდან”) მეორეში; თუ ქვა ხაზზე შერჩა, მოთამაშე “ჩაჭრილია”. მოგებულად ის ითვლება, ვინც ბოლომდე “ჩაუჭრელად” გავა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამოწმებულია თამაშის სხვა ვარიანტებიც. ცნობილია აგრეთვე ასკინკილას უფრო ძველი სახეობები. ასკინკილათი ხტუნვა ხშირად გამოყენებულია სხვა ქართულ თამაშებშიც – დამარცხებულის “დასჯისას”.
  2. ასპარეზობა,  ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო საკუთრივ ცხენოსნობა (დგენა, დოღი, მარულა, ცხენნი, ჯირითი, თარჩია), ბურთაობა (ჩოგანბურთი, გადრი, რადი), საგანთსროლა (ყაბახი, აშფაშაგი), ჩალისობა და სხვა შეჯიბრი, რაც ცხენთან, ცხენოსნობასთან იყო დაკავშირებული. ასპარეზობა ნადირობასთან ერთად ფიზიკურ აღზრდის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. თანამედროვე გაგებით ასპარეზობა ყოველგვარი სპორტის შეჯიბრებაა.
  3. ბერიკაობა, ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი).ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულის განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ. ყვარლის რაიონის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ახმეტის რაიონის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები).დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ბერიკების მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სურათებს, თავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო.
  4. თარჩია, ძველებური ქართული ცხენოსნური თამაში. თამაშობენ მოედანზე ან მინდორზე. წინასწარ განსაზღვრავენ თამაშისათვის განკუთვნილ დროს. ჯერ თამაშში მონაწილეობის მსურველებს იწვევენ, შემდეგ თამაშის 4-ვე მონაწილე შეჯიბრებაზე დამსწრე ქალიშვილთაგან აირჩევს მსაჯს. მსაჯი თავის მხრივ ერთ-ერთ მონაწილეს მკლავზე ან საყელოზე დაუმაგრებს ფერად მანდილს (ამ მოთამაშესაც თარჩია ჰქვია). შემდეგ მოთამაშეები დასცილდებიან მსაჯს 100 მ და მსაჯის ნიშანზე თამაში იწყება. თამაშის მიზანია დაეწიონ თარჩიას, რომელიც ყოველნაირად ცდილობს თავი დააღწიოს მდევრებს და მანდილი მსაჯს დაუბრუნოს. თუ მოთამაშემ ეს მოახერხა, გამარჯვებულად ცხადდება და მსაჯი მას იმავე მანდილით აჯილდოებს, თუ რომელიმე მოთამაშე დაეწევა თარჩიას და ჩამოართმევს მანდილს, თამაში შეწყდება, მონაწილენი მანდილის ახალ პატრონს 50 მ-ით სცილდებიან და მსაჯის ნიშანზე თარჩია კვლავ იწყება.
  5. ლელო – სპოტის სახეობა, რაგბის ქართული წინამორბედი. დასავლეთ საქართველოშიგავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა, გუნდური თამაში ბურთით.აკადემიკოს ნიკო მარის მიხედვით, ლელოს მსგავსი თამაში გავრცელებული ყოფილა ბასკეთშიც, სადაც გამარჯვებული გუნდის წევრები ლელოს გატანის დროს სიხარულს გამოხატავდნენ საბრძოლო შეძახილით – “ლელო!”, რაც მზის კულტთან დაკავშირებული წარმართული ღვთაების სახელი იყო. გურია-სამეგრელოში ლელოს თამაში ბოლო დრომდე შემორჩა.
  6. ყაბახი — ძველი ქართული ცხენოსნური თამაში. თამაშის მიზანია: ანძაზე (ყაბახზე) შემოდებული ნიშნის (უმთავრესად თასის) ისრით ჩამოგდება. შინაარსი და წესები: მშვილდოსანი მხედრები მწკრივდებიან სასტარტო ხაზთან. მსაჯის ნიშანზე ერთ-ერთი მხედარი ჭენებით უახლოვდება ანძას, რომელზეც შემოდებულია სანიშნო საგანი. ანძასთან სასურველ მანძილზე მიახლოვებისას მხედარი. ისარს გაისვრის მიზნის მიმართულებით, შემდეგ გადაკვეთს ფინიშის ხაზს და ჩერდება. მას შემდეგ, რაც შეჯიბრის მონაწილენი დაამთავრებენ პირველ ცდას, მათ ეძლევათ მეორე ცდის უფლება; ამჯერად უკვე ფინიშის ხაზი სტარტის ხაზად იქცევა.შეჯიბრების შედეგები ვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ შეძლებენ მხედრები სამიზნის გადმოგდებას და რამდენ დროს დახარჯავენ ამისათვის.
  • სახალხო დღესასწაულები:

საქართველო მდიდარია სახალხო დღესასწაულებით,  თითოელი რეგიონისათვის დამახასიათებელია კერძო დღესასწაულები.

ალილოობა საქართველოში

ოცდაერთი საუკუნის წინათ, ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი – იესო ქრისტე. ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან დღემდე მთელს სამყაროს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია.

მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები, თუ ტყავის ჯუბებში გამოწყობილი ბავშვები, ზოგი კომბლებით, ზოგი ჩირაღდნებით ხელში, ალილოს გალობით, თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს – ალილოს – ხმამაღლა უგალობდნენ: „ალილო“ წარმოებულია ბერძნული სიტყვისაგან „ალილუია“, რაც ნიშნავს „აქებდით უფალსა“. მეალილო-მგალობლები ე.წ. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ“. როდესაც ჩვენში მეალილოები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა, ზოგჯერ ფულსაც.

აღდგომა

ქართველი მართლმადიდებლებისთვის, აღდგომა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

ლომისობა

ლომისობა (აღდგომის მე-7 კვირა)-ლომისას დღესასწაულს წინაქრისტიანულ ეპოქაში უდგას ფესვები. ლომისობა აღინიშნება არაგვისა და ქსნის ხეობაში. ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლ მეორე სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც ბოროტს ცეცხლი ედება და იწვის. ლომისობა მოძრავი დღესასწაულია-აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას.

ლაშარობა

ლაშარობა (1 ოქტომბერი)-ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობს არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე.წ. “ლაშარის გორაზე”. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც “გიშრის ფრთიანი ნისლა ცხენით” წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისაგანაც), ადგილ-მამულებს, ზვრებს კახეთში. არსებობს შეხედულება რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ. ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, თუმც ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს..

ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. ძველი ტრადიციის თანახმად ტარდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ხევისბერის მიერ წმინდა დროშის (სალოცავის) გამობრძანება და მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება ტრადიციული დოღი და კულტურული ღონისძიებები.

ვაჟაობა
ვაჟაობა (აგვისტო-სექტემბერი) – ვაჟა- ფშაველასადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტო – სექტემბერში იმართება პოეტის მშობლიურ სოფელ ჩარგალში, სადაც ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია. ვაჟაობაზე ჩამოდიან ცნობილი მწერლები, სახალხო მთქმელები, საზოგადო მოღვაწეები, მოსწავლეები და სტუდენტები, ყველა, ვისაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედება უყვარს. იმართება პოეზიის საღამო

ქართული ტრადიციული კერძები

საქართველოს ყოველ მხარეს მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს. კახეთში უფრო პოპულარული ხორცის კერძებია, რაც მეცხოველეობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ხშირად მზადდება მწვადი, ხინკალი, ხაშლამა, ჩაქაფული.მწვადი – წალამზე (ვაზის ხმელი ტოტების ნაკვერჩხალი) შემწვარი ღორის, ხბოს, ან ბატკნის ხორცი; დელიკატესად ითვლება სუკის მწვადი. ხორცს სპეციალურ ჩხირებზე – შამფურზე აგებენ, რისთვისაც ხშირად თხილის ჯოხებს გამოიყენებენ. წალამი და თხილის შამფური კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს. ხშირად ხორცს შეწვამდე რამდენიმე საათით ადრე სპეციალურად დამზადებულ მარინადში აჩერებენ. ამგვარი წესით დამზადებულ მწვადს ბასტურმას უწოდებენ. მწვადს თან ახლავს პომიდვრის წვენისაგან დამზადებული საწებელი ან ტრადიციული ქართული სოუსი – ტყემალი, რომელსაც ტყემლის ან ღოღნაშოს ნაყოფისგან ამზადებენ. მწვადთან, როგორც წესი, წითელი ღვინო ისმევა.ხინკალი – თხელი ცომის ფირფიტებში გახვეული საქონლისა და ღორის ხორცის შერეული ფარში. იხარშება მარილიან წყალში ხუთი-შვიდი წუთის განმავლობაში. ხინკალი მთიელთა კერძად ითვლება, თუმცა იგი ბარის მოსახლეობაშიც არანაკლებ პოპულარულია. მთაში მას ცხვრის დაკეპილი ხორცისაგან ამზადებენ. მთაში ხინკალს ყველა დღესასწაულზე ამზადებენ. საუკეთესოდ ის ხინკალი ითვლება, რომელის ცომსაც უფრო მეტი ნაკეცი – “ნაოჭი” აქვს. ხინკალს, როგორც წესი, ლუდს აყოლებენ.ჩაქაფული – ტყემალში, ტარხუნასა და სხვადასხვა მწვანილში ჩათუშული ხბოს ან ბატკნის ხორცი, შეზავებული თეთრი ღვინით.

ხაშლამა – ახლადდაკლული საქონლის მოხარშული ხორცი.

კახეთში ძალზე პოპულარულია თუშური, გუდაში (ცხვრის საგანგებოდ გამოყვანილი ტყავისაგან დამზადებული ტომარა) გამოყვანილი ცხვრის ყველი – გუდის ყველი, მას ძირითადად მწყემსები ამზადებენ.

შოთის პური ნავისებური ფორმის სპეციალურ ღუმელში – თონეში გამომცხვარი პური. თონე – თიხისაგან გამოყვანილი, გამომწვარი, აგურით ან ქვით გარშემორტყმული, ნაწილობრივ მიწაში ჩაფლული ღუმელი; თონე ნაკვერჩხალზე ღვივდება, მის გაცხელებულ კედლებზე ცომი ეკრობა და თანაბრად ცხვება.

კახეთში მრავლად არის ბოსტნეული, მწვანილი და სეზონური ხილი.

ძალზე პოპულარულია ყურძნის წვენისაგან დამზადებული დესერტი – ფელამუში და ჩურჩხელა.

ჩურჩხელას, ტრადიციულად, ყურძნის კრეფის დროს – რთველზე ამზადებენ. ყურძნის წვენი ნელ ცეცხლზე იხარშება, როდესაც იგი საჭირო კონსისტენციას აღწევს, ფქვილით აზავებენ და მასში ძაფზე აცმულ ნიგოზს ან თხილს ავლებენ. ამის შემდეგ ჩურჩხელა იკიდება და ორი კვირის განმავლობაში შრება.

ჩურჩხელა მეტად სასარგებლო და ნოყიერი საკვებია. ცნობილია, რომ მას ხშირად მეომრებსა და მწყემსებს ატანდნენ საგზლად.

გამოყენებულია:  http://www.winetours.ge

                                    http://www.bonvoyage.ge/?page=geo&id=10011
                                    http://literatura.mcvane.ge/main/fesvebi/tradiciebi/3083-bbbbbbb-bbbbbbyebbbb-bbbbbbbbbb.html

ბედნიერება^

5 Dec

მეცნიერული განმარტებით- ბედნიერება არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დადებითი ემოციებით, რასაც იწვევს ინტენსიური სიხარულის განცდა. სხვადასხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, რელიგიური და ფილოსოფიური მიდგომები ცდილობენ ზუსტად განსაზღვრონ ბედნიერება და დაადგინონ მისი წყაროები. სხვადასხვა კვლევითი ჯგუფები, მათ შორის დადებითი ფსიქოლოგიის, ცდილობენ სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით უპასუხონ კითხვებს თუ რა არის “ბედნიერება”, და როგორ შეიძლება მივაღწიოთ მას.

ფილოსოფოსები და რელიგიური მოაზროვნენი ხშირად განსაზღვრავენ, რომ ბდენიერება დაფუძნებულია კარგ პირობებში ცხოვრებაზე და არა უბრალოდ ემოციებზე.

და მაინც რა არის ბედნიერება? ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღწერს მას, ზოგიერთი საერთოდ ვერ ხსნის, რას განიცდის, როდესაც ის ბედნიერია. გამიგია, რომ ბედნიერების დროს ზოგიერთი ადამიანი თავს გრძნობს თითქოს მას გამაყუჩებელი გაუკეთეს და ერთი კონკრეტული შეგრძნების გარდა სხვას ვერ აღიქვამსო… (მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება).

ფსიქოლოგ, მარკ ლირის კვლევებს თუ დავეყრდნობით, რომელიც მან 1995 წლის კონფერენციაზე წარმოადგინა სახელწოდებით „ფსიქოლოგია დღეს“, ადამინი ყველაზე მეტ ბედნიერებას მაშინ განიცდის, როდესაც მას აქებენ. ეს მოსაზრება აზრს მოკლებული ნამდვილად არაა. ისეთი ადამიანისაგან, რომელიც შენთვის ავტორიტეტია ქების მოსმენა ნამდვილად ბედნიერებაა, მით უფრო თუ ეს შენს კარიერულ წინსვლაზე მოახდენს გავლენას. შექების მომენტი ცოტა სპეციფიკურია და ძალიან კონკრეტულია. ჩვენ გვინდა ამ გრძნობის განზოგადოება.

ფსიქოლოგ მარტინ სელიგმანის კველვის თანახმად კი ადამიანს ბედნიერებას განაცდევინებს:

1. სიამოვნება (გემრიელი საჭმელი, თბილი აბაზანა და სხვ.)
2. დაოჯახება
3. ურთიერთობები (აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელია სოციალური კავშირები)
4. მნიშვნელობა (იგულისხმება ადამიანის დანიშნულება, შეგრძნება იმისა, რომ რაღაც დიდის ნაწილი ხარ ბედნიერებას განგაცდევინებს)
5. მიღწევები (როდესაც აღწევ წარმატებებს)

ზოგიერთი ადამინისთვის ძალიან ცოტა სიხარულია საკმარისი ბედნიერებისთვის. ზოგისთვის კი არა…

  • დავალება: http://www.facebook.com/groups/392074280873013/
ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

მუსიკის სამყარო

მუსიკები და ყველაფერი მუსიკის გარშემო

Georgian Dances

Georgian Dances Official Website

ს.ო.ბ

სუბიექტურად ობიექტური ბლოგი

╚► givkas page ◄╝

⇨ ☻ Welcome to my world... ⇨ ☻ or ⇨ ☻ Welcome to givkaspage ⇨ ☻

სალომეს ბლოგი

I know that I know anything

მოხალისეს / პარტიზანს

სახელმძღვანელო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.